სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ბუნება
იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
კლიმატი
იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38, +40C. ნალექების რაოდენობა 100—200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |