ტურიზმი

იმერეთის ტურისტული რესურსები

იმერეთის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ–კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მდიდარი ხალხური იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები კარგ წინაპირობას ქმნიან რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის.

იმერეთში 900 – ზე მეტი ისტორიული და 350 – ზე მეტი ბუნებრივი ძეგლია, რომლებიც გვიან  ანტიკური ხანიდან მე–20 საუკუნის დასაწყისამდე სტუმრებს წარმოდგენას უქმნიან უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

იმერეთში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმის სახეები, როგორიცაა სამთო, ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. ასევე, ეკოტურიზმი, რომელსაც იმერეთში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. მხარეში აქტიურად ვითარდება აგროტურიზმი, ამ მიმართულებით 200 – ზე მეტი ფერმერული მეურნეობაა დაინტერესებული. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს. მხარეში ყურადღება ეთმობა ქართული ტრადიციების, ღვინისა და სამზარეულოს ტურიზმს.

იმერეთის მთავარ ტურისტულ რესურსს დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, კურორტები და საკურორტო ზონები წარმოადგენს. დამსვენებლისთვის მეტად მიმზიდველია სამკურნალო მინერალური წყლები და ბალნეოლოგიური კურორტები. მხარეში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა. მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სულორი, საწირე, ზვარე და კიდევ სხვა.

საქართველოში და კერძოდ, იმერეთის რეგიონში, ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისათვის გაწეულმა მუშაობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, როგორც ორგანიზებული, ასევე, არაორგანიზებული ტურისტების რაოდენობის ზრდას. მათმა რაოდენობამ 2007 წელს 80 000,  2008 წელს - 75 000 კაცი, 2009 წელს 90 000, 2010 წელს 150 000 შეადგინა. 2013 წელს  400 000, ხოლო 2015 წელს 420 000  კაცს გადააჭარბა. აქედან 35-38 % უცხოელი ვიზიტორები იყვნენ. 2016 წელს რეგიონის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლები 400 000 – ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა, ხოლო 2017 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 450 000 – ს გადააჭარბა.

ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გელათის სამონასტრო კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი, მოწამეთის მონასტერი, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები და ოკაცეს კანიონი. 2017 წლის 10 თვეში მარტო პრომეთეს მღვიმე 160 000 – მა, ხოლო სათაფლიის ნაკრძალი 83 000 – მა მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა, ოკაცეს კანიონზე ტურისტთა რაოდენობამ 72 199 – ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი საერთაშორისო ბაზარზე ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გააქტიურებამ განაპირობა. იმერეთმა 2016 – 2017 წლებში 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღ მონაწილეობა, ალმაატასა და ხარკოვში, კიევში, ვარშავაში, პოზნანში, ლონდონში, ბერლინსა და ტოკიოში. იმერეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა  განთავსების ობიექტების რაოდენობა, საწოლთა საერთო რაოდენობამ 4 500 – ს გადააჭარბა.

იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის სახალხო და რელიგიური დღესასწაულების სიმრავლითაც საინტერესოა. დღესასწაულების უმეტესობა ბარაქასა და ხვავს უკავშირდება და შემოდგომის პერიოდში აღინიშნება. ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშების, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და სამზარეულოს გაცნობის საშუალება აქვთ.  თავისი შინაარსით, დანიშნულებითა და მიზნით სრულიად სხვა მნიშვნელობის მატარებელია "გვირილობის" დღესასწაული. ქუთაისში ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა "გვირილობით", დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში. "გიმნაზისტკები" და "გიმნაზისტები" ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შესაწირად ან ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად. დღეს ის სრულიად რეგიონის დღესასწაულია და ყოველთვის გამორჩეულად, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

იმერეთის მხარეში ყოველწლიურად 140 – ზე მეტი სახალხო და რელიგიური დღესასწაული აღინიშნება.