წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის რაიონები.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707.5 კვ.მ. უკავია, რეგიონის რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილების შტოებით და მხოლოდ კოლხეთის დაბლობისაკენ არის გახსნილი.

ქვაბულის გარშემო მდებარე ფერდობებს სხვადასხვა სიმაღლე და ექსპოზიცია აქვთ, რელიეფის ძირითადი ფორმებია დაბლობ-ბორცვიანი და მთიან რეგიონში გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები, რაიონის ფართობი 67113 ჰექტარს შეადგენს. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 30543 ჰექტარია.

რეგიონის სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია, ძირითადად განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, სამარცვლე კულტურების წარმოება და სხვა.

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. აქ ზღვის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ  წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა - 15 გრადუსია.  ყველაზე ცხელი აგვისტოს საშუალო ტემპერატურა -28-30 გრადუსია. ყველაზე ცივი თვეების იანვარ-თებერვლისა - 5 გრადუსი. საშუალო წლიური ტენიანობა 76 პროცენტია.

წყალტუბო მდიდარია წყლის რესურსებით, რომლის მთავარი არტერიაა მდინარე რიონი შენაკადებით მდ. წყალტუბო  და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაენი 1690 მლნ. კუბ. მეტრს, ხოლო წყლის ხარჯი წამში 0.28-ს შეადგენდა, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კი 1420 მმ იყო.

რეგიონის ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს  კეთილშობილ  აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ.

წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხოვნების მაჩვენებელია ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის 35 გრადუსის მუდმივობა, რაც ხელს უწყობს აბაზანების ადვილად ამტანიანობას. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან მიდის გათბობისა და გაციების გარეშე.

წყალტუბოს წყაროები  გამოყენებულია რევმატიზმებით. სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნერვოზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.

წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე. რომლის საერთო ფონდი 2008 წლისათვის 24685 ჰექტარს შეადგენდა. ტყით დაფარული იყო 23706 ჰექტარი. ტყეების უმრავლესობა პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. რეგიონში ტერიტორიის გატყიანება 34.9 პროცენტს შეადგენს.

წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. აქ არის დინოზავრების  ნაკვალევი და კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ.მეტრი ფართობი უჭირავს.

წყალტუბო ასევე ცნობილია სამთო წიაღისეული სიმდიდრეებით. მათგან აღსანიშნავია სამრეწველო მნიშვნელობის მქონე ბენტონიტური თიხა გუმბრინი, რომლის პირველადიგადამუშავება ხდება სოფელ გუმბრაში. აქ აწარმოებენ ორი სახის პროდუქციას: მათეთრებელს, რომელსაც იყენებენ ნავთობის ტიტრაციისათვის და საყალიბე გუმბრინს, რომელიც ფხვნილის სახით გამოიყენება მეტალურგიაში ყალიბების დასამზადებლად. თიხა  „გუმბრინი" ასევე აღმოჩენილია ცხუნკურსა და ბუმისთავში. ზონაში გვხვდება აგრეთვე კირქვების და გრანიტის საბადოები. კირქვებისაგან ამზადებენ კირს და ბუნებრივი ქვის სამშენებლო ბლოკებს.

გრანიტის საბადო აღმოჩენილია სოფლების ჟონეთისა და ოფურჩხეთის ტერიტორიაზე. ხოლო სოფლების გეგუთის, ფარცხანაყანევის და გვიშტიბის ტერიტორიებზე უხვადაა სააგურე თიხა.

მოსაპირკეთებელი ქვების წარმოების მიხედვით, რომელზედაც დიდი მოთხოვნილებაა არა მარტო საქართველოში და საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში, წყალტუბო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

პროგნოზით, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ათვისების მხრივ (თერმული წყლები, საშენი მასალები და სხვა) წყალტუბო დიდი მნიშვნელობის კურორტის, ტურიზმის და მეწარმეობის ცენტრი გახდება, რაც უპირველესად. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მისი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

 მოკლე ისტორიული მიმოხილვა

კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყლებს დიდი ხნის ისტორია აქვს. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში უფრო ადრეც. XII XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. შემდგომ საუკუნეებში ამ სამკურნალო პუნქტის ცხოვრება პერიოდულად ხან ჩაკვდებოდა, ხან კიდევ გამოცოცხლდებოდა. ის უშუალოდ იყო დამოკიდებული  იმ პერიოდის ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რასაც ართულებდა ხშირი ომები მომხდურებთან თუ მეფესა და ფეოდალებს შორის.

1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების" კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ.

1987 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ. ს. პალასიმ  საკუთარი ინტერპრეტაციით დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები, რომელთა წყალობით ცნობები წყალტუბოს წყაროების შესახებ გამოჩნდა ევროპულ ლიტერატურაში.

ხანგრძლივი შუალედის შემდგომ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინრალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ. ასევე დასავლეთ ევროპულ პრესაში.

1809 წელს გერმანულიდან შერჩევით. მოკლედ რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი" რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ.

1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის" მიხედვით.

1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია" მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ.

1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი.

კურორტი წყალტუბო ნაციონალიზებული იქნა 1920 წელს. ამის შემდგომ იგი ბალნეოლოგიურ კურორტად იქცა.

1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორების იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ თავიდან იქნა გადამუშავებული კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953  წელს დაამტკიცა. აღნიშნული გენერალური გეგმით წყალტუბო დაიყო ბალნეოოლოგიურ, სანატორულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა გეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვთა ძირში გაიარა.

სააბაზანოები ველზე-მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული იქნა სანატორიუმების მშენებლობისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. გასული საუკუნის ბოლოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ  ქალაქში ახალი სამრეწველო ზონაც გაჩნდა.

კურორტი წყალტუბო მსოფლიოს იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის  მიხედვით განხორციელდა. სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და კლასიკურად გადაწვეტილი კომპაქტური კურორტი წყალტუბო იმთავითვე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩამოსულ სტუმრებზე.

წყალტუბოს გენგეგმის ორიგინალურობა, უპირველესყოვლისა, იმაშიც გამოიხატება, რომ მკაცრად არის დაცული სანიტარული ზონების საზღვრები. ამასთან სანატორიუმები ფერდობებზე ამფითეატრის მსგავსად ისე არიან განლაგებული, რომ ყოველი მათგანიდან შესაძლებელია  სხვა სანატორიუმების დანახვა.

აღნიშვნის ღირსია ერთი საინტერესო დეტალი. ფერდობების ძირში შუაგულ კურორტში. სააბაზანოების სიახლოვეს მიედინებოდა პატარა მდინარე წყალტუბო, რომელიც იქვე, კურორტის ჩრდილოეთით იღებს სათავეს. წვიმების დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა და ირგვლივ განლაგებულ სააბაზანოებს ტბორავდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა წყალტუბოს განაშენიანებას ჰიდროინჟინერ მამრაძის ძალზე საინტერესო პროექტით, მდინარე წყალტუბოს სათავესთან ხელოვნური დამბის მოწყობით. გადაიკეტა მდინარის კალაპოტი და შეიქმნა ხელოვნური ე.წ. „ცივი ტბა".

წყალტუბოს მხარის არქეოლოგიური ძეგლები

წარსული დიდების ამსახველი ისტორიული, არქეოლოგიური ძეგლებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წყალტუბოს მხარე და მისი შემოგარენი. აქ დასახლებულ ნაგებობებთან ერთად მრავლად გვხვდება სპელეოლოგიური ძეგლებიც (კრისტალური მღვიმეები, ეხები და უფსკრულები), რომლებიც ხშირად ისტორიულ ძეგლებთან არიან შერწყმული და ბუნებრივი და ხელოვნური სიმაგრეების კომპლექსებს ქმნიან.

აქაური ციხე-კოშკები ზოგჯერ უშუალოდ მღვიმე უფსკრულებზეა დაშენებული, ერთმანეთთან დაკავშირებულია საიდუმლო გვირაბებით, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო გაზრდილია მათი სიმტკიცე. ამიტომაა, რომ ბევრმა ციხე-სიმაგრემ, როგორც ჩვენი წინაპრების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლომ, დღემდე მოიტანა ჩვენი სამშობლოს შორეული წარსულის ღრმა საიდუმლოებით მოცული მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

წყალტუბოსა და მის შემოგარენში განლაგებული ციხე-კოშკები (ხომულის, ქვილიშორის, ჩუნეშის, გვიშტიბის, მათხოჯის, გორდის, ღვედის, ნამაშევის, ცუცხვათის, დღნორისის და სხვა), ტაძრები თუ სხვა საკულტო ძეგლები, რომლებიც ერთმანეთს გადაჰყურებენ, საუცხოოდ არიან შეხამებული გარემო პირობებს და სტრატეგიულად შერჩეულ რელიეფში მოხერხებულად არიან ჩამჯდარი.

როგორც არქეოლოგიურმა კვლევამ უჩვენა, აქაური სპელეოლოგიური ძეგლები, რომლებიც საოცარი სილამაზის კალციტოვანი ნაღვენთებითაა დამშვენებული, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ადამიანის მიერ გამოყენებული ყოფილა მუდმივ საცხოვრებლად (ქვისა და ქვა სპილენძის ხანაში), ხოლო უფრო გვიან თავდასაცავად. ამაზე მიგვანიშნებს მღვიმეებში დაცული კულტურის ნაშთები და ქვის წყობით ამოხერგილი შესასვლელები, როგორც სპელეოლოგიური ძეგლი. სათაფლია და თეთრი მღვიმე  ყოველდღიურად ასობით ადგილობრივ თუ ჩამოსულ ტურისტს ემსახურებოდა. ამ მხრვ დიდი პერსპექტივები აქვს სოფელ ყუმისთავში აღმოჩენილ უნიკალურ და უდიდეს კარსტულ მღვიმეს „წყალტუბოს", სადაც კვლევით და კეთილმოწყობით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მისი პირველი აღმომჩენი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თნამშრომელი ჯუმბერ ჯიშკარიანი.

ადამიანის ცხოვრების კვალი წყალტუბოს მრავალ მღვიმესა და ეხში დადგინდა. მაგრამ ყველაზე შედეგიანი მაინც თეთრი მღვიმე და საწურბლიას ეხი გამოდგა. ორივე სადგომი ადამიანს საცხოვრებლად ორჯერ გამოუყენებია, პირველ ზედა პალეოლითში (ძველი ქვის ხანა), 30-40 ათასი წლის წინათ და მეორედ - ქვა სპილენძის ხანაში, 7 ათასი წლის წინათ.

აღნიშნული ძეგლების ზედა პალეოლითურ (ძველი ქვის ხანის) ფენებში აღმოჩნდა მატერიალური კულტურის ნიშნები. მიკვლეული ნაშთების შესწავლის საფუძველზე დადგინდა იმდროინდელი ფლორა, ფაუნა და კლიმატური პირობები, როგორც განათხარი მასალით დადგინდა, ადამიანი დიდ ადგილს უთმობდა სარიტუალო ცერემონიალს უკვე ჩასახულია და ვითარდება ხელოვნება და რელიგია.

თეთრ მღვიმეში ნაპოვნი იქნა კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება.

წყალტუბოს მხარეში ქვის ხანის კიდევ მრავალი ნამოსახლარი იქნა მიკვლეული (ხომული ქვაბა, ფაცრისთვის, ზედა ქვილიშორის, შავგორას და საქაჯიას მღვიმეები). მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნასოფლარ მელოურის აღმოჩენებმა. აქ გაითხარა ღია ტიპის მრავალფენიანი ნამოსახლარი, რომლითაც დადგინდა, რომ აქ ადამიანს უცხოვრია, როგორც ძველი ქვის ხანაში (აშელი, უსტიე). ისე ახალი ქვის ხანაში (ადრე ნეოლითი). ამდენად ჩანს, რომ ამ მხარეში უძველესი ისტორიის ორი საფეხურიდან (აშელი) მოყოლებული, დღემდე ცხოვრება არ შეწყვეტილა.

ზემოთ აღწერილ უძველეს ნამოსახლარებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წყალტუბოს ექსპედიცია 1974 წლიდან იკვლევდა. მოპოვებული მასალები, კამერალური დამუშავებისა და მეცნიერულ მიმოქცევაში შესვლის შემდგომ წყალუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ბარდებოდა.

1986 წლიდან გათხრები გრძელდებოდა სოფელ ყუმისთავში მდებარე საწურბლიას ეხში. 1987 წელს წყალტუბოს ტერიტორიაზე კიდევ ახალი აღმოჩენები მოხდა. სახელდობრ, სოფელ მუხიანში გამოვლინდა ანტიკური ხანის სამაროვანი, ხოლო ქვედა მაღლაკში წინა ანტიკური ხანის ვრცელი ნამოსახლარი. სამწუხაროდ არასათანადო ყუდაღების გამო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს ორივე ძეგლი ზიანდება.

ქვესამარხების არსებობა მუხიანში ორ ადგილზეა დაფიქსირებული. სამწუხაროდ, აქაც,პირველ სამარაოვანზე შვიდი სამარხი ე.წ. მოყვარულების მიერ უნებართვოდ არის „გათხრილი". ამოღებული მასალის ერთი ნაწილი სხვადასხვა დროს ბათუმის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუზეუმებში მოხვედრილა, ნაწილი კი დღემდე გაბნეულია.

 

წყალტუბოს მხარის ისტორიულ-კულტურული ძეგლები

წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე ოთხი მოქმედი მუზეუმი ესენია:

გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქ. წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი - სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი - სოფელ დერჩში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი - სოფელ ოფშკვითში.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

მე-11 საუკუნის ნათლისცემის ეკლესია სოფელ დერჩში, მე-12 საუკუნის ციხე-დარბაზი - სოფელ გეგუთში, მე-12 საუკუნის ეკლესია - სოფელ ზარათში, მე-12 საუკუნის უნიკალური ხის ეკლესიები - სოფელ ფარცხანაყანევში, სოფელ ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში.

მღვიმე „სათაფლია“

წყალტუბოს გზიდან მარჯვნივ ვუხვევთ და შევუყვებით „სათაფლიის" გზას. ვიდრე „სათაფლიის" ნაკრძალის შესასვლელთან მივალთ, მარცხნივ, ზედ გზის პირას, „სათაფლიის" ერთ-ერთი მღვიმის, „სათაფლია-4"ის შესასვლელი იხსნება. ნაკრძალის ჭიშკრის გავლის შემდეგ, გზიდან მარჯვნივ დინოზავრის ნაკვალევია. „სათაფლიის" დინოზავრის ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. აქ არქეოლოგიურ წარსულში, როცა ზღვის სანაპირო იყო, ეს მიდამოები (50-60 მლნ.წლის წინათ) დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ფეხის ანაბეჭდი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.

ჩავდივართ კასტრული ძაბრის ფსკერზე, სადაც კლდის გულში იხსნება „სათაფლია-1"-ის შესასვლელი. აქვე, მარცხნივ, ხვრელში ჩადის პატარა ნაკადი, რომლის გაყოლებით შეაღწია მღვიმეში 1925 წელს ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა. 1925 წლიდან იწყება ქართული სპელეოლოგიის ისტორია. შევდივართ მღვიმეში და პირველ დარბაზში, მღვიმის გაფართოებულ ნაწილში ვჩერდებით სტალაქტიტებთან. ბუნებრივი გამოქვაბულ-მღვიმეები შეიძლება იყოს კასტრული წარმოშობის, ანუ წყალში ხსნადი ქანების წყლისგან გახსნის შედეგად გაჩენილი. კასტრული მღვიმეებისთვის დამახასიათებელია მღვიმური ფორმების, სტალაქტიტების, სტალაგმიტების, კოლონების, ჰელექტიტების, ტრავერტინის, ქვის ყვავილების წარმოქმნა. ამ დარბაზში წარმოდგენილია სტალაქტიტები, რომელიც ჭერიდან იზრდება, ჭერზე შემოღწეული წყლის წვეთის აორთქლების შედეგად ჭერზე დარჩენილი კალციტის ხარჯზე. ის ნაწილი კალციტისა, რომელიც წვეთთან ერთად იატაკზე ეცემა, სტალაგმიტს აჩენს. დროთა განმავლობაში ხდება სტალაქტიტის და სტალაგმიტის შეერთება, რითც წარმოიშობა სტალაგნატი ანუ კოლონა. ეს დარბაზი საკმაოდ მდიდარია მღვიმური ფორმებით. შემდეგ დარბაზში დიდი ტრავერტინის - ნაღვენთის მთაა შემორჩენილი. მდიდარია მღვიმური ფორმებით შემდეგი გალერეებიც. „სათაფლია-1"-ის საერთო სიგრძე 900 მ-ზე მეტია. „სათაფლია-1"-სა და ოთხს გარდა ამ ტერიტორიაზე კიდევ ორი მღვიმეა - „სათაფლია-2", „სათაფლია-3" და სათაფლიას ჭა. ძალზედ საინტერესოა სათაფლია-2, თუნდაც იმიტომ რომ 1970 წელს სამეცნიერო ექსპედიცის დროს ერთ-ერთ გალერეაში, პატარა აუზში შეამჩნიეს მღვიმური თევზები. საერთოდ, მღვიმური თევზები ბუნებაში ძალიან იშვიათობაა. სახელწოდება სათაფლია დაკავშირებულია გარეულ ფუთკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებდა ბუდეს.