სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს;
საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში;
საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს და სხვა (სრულად იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ).
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.