სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
|
|
ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში.
ჭიათურის წარმოშობა და განვითარება მთლიანად განაპირობა აქ აღმოჩენილმა მანგანუმის მდიდარმა საბადომ, თუმცა,როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს,ჭიათურის მიდამოები,ისევე,როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი,უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.მეცნიერებმა გამოიკვლიეს მდინარე ყვირილასა და მისი შენაკადის -ჯრუჭულას ხეობაში არსებული გამოქვაბულები: „სამგლე კლდე“,“ძუძუანას გამოქვაბული“, „სამელე კლდე“ და სხვა,სადაც მნიშვნელოვანი მასალები იქნა ნაპოვნი ზედა და ქვედა პალეოლითის პერიოდიდან. ჭიათურის რაიონში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია,რაც ადასტურებს,რომ ამ მხარის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნაში.ძეგლთა შორის რამოდენიმე უნიკალურია.განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი.(სოფ.კაცხი).მდინარე კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური,40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი,რომლის თხემზე ასვლას მხოლოდ ალპინისტები ახერხებენ.ჭიათურის აღმოსავლეთით კლდეშია გამოკვეთილი მე-13 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი მღვიმევის მონასტერი.აქ არსებული ღვთაების ეკლესიის შესასვლელი შემკულია ქვაზე ამოკვეთილი ულამაზესი ქართული ორნამენტებით.
ჭიათურიდან დასავლეთით, სოფელ კაცხში მდებარეობს მეათე საუკუნის ექვსფასადიანი ეკლესია.
სალ კლდეშია გამოკვეთილი სვერის ციხე ბუნებრივი აივნითა და ქვითკირის მოაჯირით დამშვენებული.ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებიტ სვერის ციხე მერვე საუკუნეშია აგებული.შუა საუკუნეებს განეკუთვნება სოფელ ბჟინევში შემონახული დიდველის ციხე და ეკლესია,აგრეთვე ზედუბნის ციხე. მე11 საუკუნისაა დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია,მე 11-მე-12 საუკუნეებს განეკუთვნება რგანის ეკლესია,მე 13-საუკუნეს-პერევისის ეკლესია და სხვა.ჭიათურის მიდამოებში,მდინარე ჯრუჭულის ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასწლეულის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება.ჭიათურასთან ახლოს,სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის სადნობი უძველესი ღუმელის ნაშთი რკინისა და წიდის ნატეხებით,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები უმაღლესი ხარისხის ლითონის მისაღებად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ მანგანუმის შენადნობს.
მანგანუმის საბადოჭიათურაში პირველად გერმანელმა გეოლოგმა აკადემიკოსმა ჰერმან აბიხმა აღმოაჩინა 1846 წელს და მაღალი შეფასება მისცა მას. მანგანუმის მადნის მოპოვებაა და მისი სამრეწველო დამუშავება მოგვიანებით,1879 წლიდან დაიწყო და იგი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული,რომელმაც ევროპას გააცნო ქართული „შავი ოქრო“ და პირველი პარტია ქართული მანგანუმისა 51000 ფუთის ოდენობით მისი სახელით გავიდა ევროპის ბაზარზე.მალე მთელ მსოფლიოს მოეფინა „შავი ოქროთი“ მდიდარი ამ კუთხის სახელი.
გარდა მანგანუმის მადნისა, ჭიათურის რაიონი მდიდარია კვარცის სილით,რომელიც ბევრ ადგილას მძლავრი ფენების სახით გამოდის მიწის ზედაპირზე და ადვილად დასამუშავებელია. მდ.ყვირილას ხეობაში,ქალაქიდან 6 კმ-ის მანძილზე,სოფელ სალიეთთან,მაღალი კლდოვანი ფერდობი წარმოადგენს წითელი მარმარილოს დიდ საბადოს,სადაც მარმარილოს ფენის სისქე 60 მეტრამდეა. თეთრი მარმარილოს საბადოა სოფელ მოხოროთუბანში.ჭიათურასთან ახლოს,სოფელ პერევისასთან,ბაზალტის მდიდარი საბადოა,მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამშენებლო მასალად,ისე ხელოვნური ბოჭკოს დასამზადებლად.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.ნიშანდობლივია,რომ ნავთობსადენის მარშრუტი თითქმის მთლიანად ემთხვევა ძველი საქარავნო გზის მარშრუტს.
ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია.არსად ისე არ არის დაქსელილი ზეცა ბაგირგზებით,როგორც მანგანუმის ქალაქში.პირველი სამგზავრო ბაგირგზა ჭიათურაში 1900 წელს აიგო,პირველი სამგზავრო ბაგირგზა-1948 წელს.ამჟამად ჭიათურაში მოქმედებს 17 სამგზავრო და 21 სატვირთო ბაგირგზა,რომელთა საერთო სიგრძე 30 კმ-ა.უნიკალურია ქალაქის ცენტრში აგებული სამმხრივი მოძრაობის სამგზავრო ბაგირგზა,რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს ტერასებად გაშენებულ განაპირა ქუჩებთან.
ჭიათურის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,რომელიც ერთ-ერთი უძველესია რესპუბლიკაში.ქალაქს აქვს კულტურის ცენტრი.ჭიათურისა და მისი სოფლების წარსული წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.ქალაქში მუშაობენ სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |