მუნიციპალიტეტები

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

  • დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

იმერეთის რუკა

ისტორია

ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III—VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975—1014 წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089—1125 წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.

იმერეთის სამეფო

საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიისსამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა.

იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV—XIX სს.

 
 

 

 

იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.

1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.

იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510—1565), გიორგი II (11565-1585), გიორგი III (1605—1639), ალექსანდრე III (1639-1660 წწ.), ალექსანდრე V (1720—1751 წწ.), სოლომონ I (1751—1784 წწ.),სოლომონ II (1789—1810 წწ.).

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა.

1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორისგეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.

სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება.

ანექსია რუსეთის მიერ

 
ქუთაისის გუბერნიის გერბი (მიიღეს 1843 წ.)

 


1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც შემდეგ თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მიუთითებს ის მრავალრიცოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა.

იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიისავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814). 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1819–1820 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 წელს გურიაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რუსული მმართველობის დამყარების შედეგად გატარებული ცვლილებების გამოძახილი იყო. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძალები, თავადაზნაურობა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწი­ფო­ებ­რი­ობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა, ძალზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქიქუთაისი და იმერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმისტყავის,აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან გაღვივდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მიზნით, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ კლასიკური გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.

 
იმერეთის გუბერნია
 
 

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გუბერნია — თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.

1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც შედეგად სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში რუსული მმართველობის დამყარება მოჰყვა.

1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.

ბატონყმობის გადავარდნა

 
ქუთაისის რკინიგზის სადგური, დაახ. 1900.
 
 
ქუთაისი, 1892.
 

ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ფეოდალური რეფორმის აუცილებლობა. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიძულა დათანხმებულიყო. 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში — 1867 წელს, აფხაზეთში — 1870 წელს, სვანეთში — 1871 წელს.

საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.

ინდუსტრიალიზაცია

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ1871წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს — ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ. ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ. ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.[1]

საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზე დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა ქალაქები:სამტრედიაყვირილაახალი სენაკიტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის.

ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა1875 წელს, ფოთმა — 1882 წელს, ბათუმმა — 1888 წელს, ოზურგეთმა — 1895 წელს, სოხუმმა — 1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრება კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.

ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

აკაკი წერეთელი
 

XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა — თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძეაკაკი წერეთელინიკო ნიკოლაძეგიორგი წერეთელისერგო მესხიიაკობ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, ადგილი არ ჰქონია ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის,კოტე მარჯანიშვილისზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.

XX საუკუნის რეფორმები

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.

1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმდა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.

ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი მუნიციპალიტეტი:  ბაღდათის,  ვანის,  ზესტაფონის,  თერჯოლისსამტრედიის,  საჩხერის,  ტყიბულის,  ხარაგაულის,  ხონის,  წყალტუბოსა  და  ჭიათურის  მუნიციპალიტეტები.

კულტურული მემკვიდრეობა

 
დავით კაკაბაძის „იმერეთი“
 
 
ბაგრატის ტაძარი რეკონსტრუქციამდე
 
 
უბისა
 
 

მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარიგელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.

არქიტექტურული ძეგლები

  • ილმის «შემოქმედის» ეკლესია — აშენებულია მე-11-12 საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
  • გუბადიანის «კონწოლია» ეკლესია — ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი.
  • სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია — ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
  • მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნისსადარაჯო პუნქტად.
  • თვრინის ციხე-დარბაზი
  • სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.
  • შორაპნის ციხე — მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი.
  • ბაგი-ბუგის ეკლესია — სამწუხაროდ დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი გადახდილი აქვს.
  • საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე.
  • ბუჯის ციხე — უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს.
  • თამარის ხიდი — ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ
  • ქალაქი ბალიასტომი — გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა «თამარ მეფის ხიდიდან» და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
  • ციხე სკანდა — ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი.
  • გოგნის „კარუგდებელი“ — ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე.
  • ტაბაკინის მონასტერი — წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე.
  • ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX—X ს. თარიღდება,
  • ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია — IX—X სს. ძეგ ლია, მას «დედაღვთისას» უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გე­მოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული.
  • უბისა — სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
  • ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია — მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ «კახორის» მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშე­ნებლო მასალა.
  • ვარძია — ხარაგაულის რაიონის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის «დედაღვთისას» ტაძარი, ე. წ. «კიკოს» დიდებული მონას­ტერი.
  • ტბეთის ეკლესია — ამ ეკლესიას სახელად «ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია» ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმე­ვიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო
  • გედსამანიის საყდარი — «ტბეთის» ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული «ვარდობის» ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია «გედსამანიის საყდარი».
  • ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გა­ლავ ნით.
  • მირონწმიდა — ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებარ­თვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა.
  • ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია —არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს.
  • ვახანის ციხე — სოფელ ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია.

გამოჩენილი იმერლები