საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო

     

 

საჩხერის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. საჩხერის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ონისა და ამბროლაურის, აღმოსავლეთით ჯავისა და ქარელის, სამხრეთით ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება.

მუნიციპალიტეტი შედგება 13 ტერიტორიული ერთეულისგან, ესენია ქალაქი საჩხერე და 12 თემი: სარეკი, ცხომარეთი, ჩიხა, ჭალა, არგვეთი, გორისა, საირხე, ქორეთი, ჯალაურთა, კორბოული, ჭალოვანი და მერჯევი. მუნიციპალიტეტში 54 866 მოსახლე ცხოვრობს, უმრავლესობა ქართველები, მცირე რაოდენობით არიან ოსები, რუსები, სომხები და ებრაელები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია კვერეთის გოგირდოვანი წყლები, კვარცის ქვიშა და მარმარილო. მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა. ყვირილას შენაკადებია მდინარეები: ჯრუჭულა, ჩიხურა, შუშა, ხახიეთისწყალი, ქორეთისწყალი, შუკაკიძისღელე, ლაშურა და იზვარა, ხოლო ძირულას შენაკადები: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.

საჩხერის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული მნიშვნელობის ტურისტული ობიექტებით. სულ აღრიცხულია 127 ტურისტული ძეგლი, რომელთაგან 1,  ჯრუჭის მონასტერი, საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 26 – რესპუბლიკური, ხოლო 100 – ადგილობრივი მნიშვნელობისა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი სოფელ სხვიტორში, აკაკის ძიძისეული კარ–მიდამო სოფელ სავანეში, ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ სხვიტორში, პაოლო იაშვილის მემორიალური სახლისოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის მემორიალური სახლი სოფელ არგვეთში, აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახლ–მუზეუმი სოფელ კალვათაში,სასკოლო–სამხარეთმცოდნეო მუზეუმისოფელ ქორეთში და სამხარეთმცოდნეო––ეთნოგრაფიული მუზეუმი „საწერეთლო“ ქალაქ საჩხერეში. საჩხერემდიდარია ასევე უძველესი და უახლოეს წარსულში აგებული ეკლესია–მონასტრებით: მე–10, მე–11 საუკუნის ჯრუჭის მონასტერი სოფელ ცხომარეთში, მე–11 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ეხვევში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ბაჯითში, მე–10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ სავანეში, მე–10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესია სოფელ ქორეთში, მე–20 საუკუნის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარი ქ. საჩხერეში, შუასაუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის ყველაწმინდის ეკლესია სოფელ დრბოში და ა.შ. ქ. საჩხერეში არის მე–17 საუკუნის ციხე–სიმაგრე მოდინახე. არქეოლოგმა ჯურხა ნადირაძემ სოფელ საირხეში არქეოლოგიური გათხრებით შედეგად დაადასტურა ჩვ.წ.აღ–მდე მე–4 ათასწლეულის პერიოდის ცივილიზაციის არსებობა საჩხერის ტერიტორიაზე.