სიახლეები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

26 დეკემბერი, 2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. სხდომა საბჭოს წევრებისთვის საკონსულტაციო საბჭოს საკანონმდებლო საფუძვლების გაცნობით დაიწყო, შემდეგ კი სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონის მუნიციპალიტეტების 2017 წლის ათი თვის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. სხდომაზე საკუთარი ანგარიში წარმოადგინა გარემოს დაცვის ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსმა და საბჭოს წევრებს აღნიშნული მიმართულებით არსებული ინფორმაცია და პრობლემები გააცნო. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ასევე, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში და "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" პროექტში, იმერეთის მხარისა და მუნიციაპლიტეტების ჩართულობა და მონაწილეობა.

საბჭოზე რეგიონის მასშტაბით საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა 2015–2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.