სიახლეები

სტიქია იმერეთში

16 ოქტომბერი, 2017

იმერეთის 11 – ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორილია ქალაქების ცენტრალური ქუჩები, საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. მათ შორის დაათვალიერეს ხარაგაულში სოფელ ლაშეში მდინარე ჩხერიმელას ადიდების შედეგად მოწყვეტილი გზის სავალი ნაწილი.

ქუთაისში მდინარე "ოღასკურის" ადიდების შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და ასევე, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. ქუთაისის მუნიციპალიტეტს მდინარეზე საპრევენციო სამუშაოები ჩატარებული აქვს, გაიწმინდა კალაპოტი და გაიხსნა გასასვლელები, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობით მოსული ნალექის გატარება მაინც ვერ მოხერხდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 12 საათში ერთ თვის ნალექის რაოდენობა მოვიდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში მეწყრული პროცესი განვითარდა, რომელმაც ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და გზა ჩახერგა, ასევე დაზიანებულია გაზის მილები და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები უკვე მუშაობენ. ადგილზე არიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც, რომლებიც არსებულ სიტუაციას შეისწავლიან. მეწყერსაშიში ზონებია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითსა და საირხეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ II სვირში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის გზაზე, სოფელ ხანის მიმართულებით ბოგირი წაიღო წყალმა და მოძრაობა შეფერხებულია, წყალთაშუას მიმართულებით ჩამოსულია მეწყერი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში წყალმა დატბორა ამბულატორია და საბავშვო ბაღი.