სიახლეები

საქართველოს დელეგაციის შეხვედრები უმსხვილეს კომპანიებთან

29 სექტემბერი, 2017

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. Zhongmei Enginering Group Ltd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და Sino Sure ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმებს შეიმუშავებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთ დოკუმენტს მოეწერა ხელი. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.