სიახლეები

ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ბაღდათში

29 ივნისი, 2017

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იმერთის ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო მოინახულა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აგროლეინი“ ლურჯ მოცვსა და ჟოლოს გადამუშავებას ახდენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოსა და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. აღნიშნული საწარმო 2016 წელს აშენდა.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.