სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი თერჯოლაში

9 ივნისი, 2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილე გიორგი ჭიღვარიამ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა განახორციელეს.

ამ ეტაპზე სოფელ ღვანკითი–ტელეფას დამაკავშირებელი გზის 2,2 კმ. სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გაბიონები მოეწყობა და რკინა–ბეტონის დამცავი კედელი გაკეთდება. ასევე, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. რეაბილიტირებული მონაკვეთით დაახლოებით 4 500 ადამიანი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 474 900 ლარს შეადგენს და სამუშაოებზე 22 ადგილობრივია დასაქმებული.

ქალაქ თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩაზე, უკვე დასრულდა გზის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ღირებულება 129 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედელი აშენდა, რომელიც ამ დრომდე დაზიანებული იყო და საფრთხეს უქმნიდა მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს. ასევე, მოეწყო გაბიონი, გაიმართა სანიაღვრე არხი და სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იმერეთის მხარეში ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით რეგიონში 2017 წელს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ჯამში 52 816 798 ლარი დაიხარჯება.

ქალაქ თერჯოლაში ასევე, დასრულების ეტაპზეა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის მშენებლობა. პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.