სიახლეები

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი იმერეთის რეგიონში

14 მარტი, 2015

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.

ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოეწყო კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები". კონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთში გივი ჭიჭინაძე და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მურღულია უძღვებოდნენ.

კონფერენციაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებმა, საინიციატივო ჯგუფებმა და კულტურის სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია.

გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.

კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025" სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - www.culturepolicy.ge.