სიახლეები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ენჯეოსთან მემორანდუმი გააფორმა

23 თებერვალი, 2017

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების  სააგენტო საქართველოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით მოეწყობა შეხვედრები. კერძოდ, იმერეთის მხარეში არასამთავრობო ორგანიზაციებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, საჯარო სამსახურში, ბიზნესსა და სხვა არასაბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის, ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შეთანხმებით ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების, მათგან და ქვეყნის ევროპული გზის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ამოცანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იგეგმება.

მემორანდუმის მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ როგორც დაგეგმილ ასევე, სამომავლო პროექტების ფარგლებში. პერიოდულად მოხდება შეხვედრები მხარეებს შორის და განიხილავენ მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების  სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ  მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.