სიახლეები

ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში

24 აგვისტო, 2016

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქ ქუთაისის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი პოლტავის ოლქის გუბერნატორს, ვალერიი გოლოვკოს და ქალაქ მირგოროდის მერს, სერგიი სოლომახას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უახლოეს პერიოდში იმერეთის რეგიონსა და პოლტავის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ასევე, დამეგობრდება ორი საკურორტო ქალაქი წყალტუბო და მირგოროდი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება პროექტები: საგანმანათლებლო, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ პოლტავის რეგიონული ქართველთა საძმოს წევრებსა და ქართველ ემიგრანტებს. ასევე, ესტუმრნენ ქართველი საზოგადო მოღვაწის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ–მემორიალურ მუზეუმს და საფლავი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ პოლტავის უნივერსიტეტში და დაათვალიერეს ქალაქ მირგოროდის საკურორტო ზონაც.