სიახლეები

პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთის რეგიონში

17 მაისი, 2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დღეს გიორგი მარგველაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სწავლის პროცესს გაეცნო და კადეტებს საჯარო ლექცია წაუკითხა. შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, საუბარი ძირითადად რუსეთ–საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ქვეყნის ნატო – სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხებოდა.

დღესვე, პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში პირველად იმართება. „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილია წარმოდგენები, პერფორმანსები, კონფერენციები, მხატვართა ჯგუფის პრეზენტაციები და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.

დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის რეაბილიტირებული უბანი და სამეფო რეზიდენცია მოინახულა.