სიახლეები

იმერეთის გუბერნიაში საშიშ გეოლოგიურ პროცესებზე იმსჯელეს

11 მაისი, 2016

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის შეფასება, მათი გააქტიურების მიზეზების დადგენა და სტიქიის საშიშროებისგან მოსახლეობის დაცვა–ადაპტაცია წარმოადგენს.

სააგენტოსგან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ შესაბამისი რეაგირებისთვის. რადგან, ხშირად ადგილზე სიტუაციის შეფასების შემდეგ დგინდება, რომ გამცხადებლის სახლი დაზიანებულია სიძველის ან მოუვლელობის გამო.

სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მართავს.