სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისების მონიტორინგი

19 აპრილი, 2016

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. კვლევები ტარდება როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.

ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ. 

მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკი. სააგენტოს სპეციალისტებმა 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცეს, მათ შორის 225 - მწვანილზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდაზე მეტყველებს.