სიახლეები

საჩხერეში ,,აკაკის დღე–პოეზიის დღესასწაული'' აღინიშნა

31 ოქტომბერი, 2015

სახალხო ზეიმით აღინიშნება საჩხერის მუნიციპალიტეტში ,,აკაკის დღე–პოეზიის დღესასწაული“. რაიონში ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო. იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა სოფელ სავანის 5 კილომეტრიანი გზის ახლადმოასფალტებული მონაკვეთი გახსნეს. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდა.

მოწვეულმა სტუმრებმა შემდეგ აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარ–მიდამოში გადაინაცვლეს, სადაც იმერული ქორწილის ცერემონია, ძველებური ხალხური თამაშობები, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი და ქართული ჭიდაობის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებები საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილებში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში ფოტოგამოფენა მოეწყო და კონკურსების ,,აკაკის კალამი“ - სა და ,,აკაკის პალიტრა“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. მოგვიანებით კი კინოფილმის ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“ ჩვენება შედგა.

დღის ბოლოს მგოსნის ძეგლის პატივგება მოხდა, მოწვეულმა სტუმრებმა რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც ეთნოგრაფიულ კუთხეები იყო წარმოდგენილი. დღესვე, საჩხერის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს და დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

საჩხერეში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საზოგადოების ცნობილი წევრები ესწრებოდნენ.