სიახლეები

ბაღდათში ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლის იუბილე აღინიშნა

19 ოქტომბერი, 2015

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ცნობილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ღვინჯილიას, 75 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს. მწერლის მშობლიურ სახლში საპატიო სტუმრების მიღება დილიდანვე გაიმართა. ჯანსუღ ღვინჯილიას პირადი ნივთები და ბიბლიოთეკა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა, გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, მწერლის ნათესავებმა და მეგობრებმა დაათვალიერეს.

დღესვე, დიმის მე-2 საჯარო სკოლაში ცნობილი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბაღდათის საკათედრო ტაძარში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ ასევე, ჯანსუღ ღვინჯილიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ბაღდათის საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილი საზოგადო მოღვაწის ხუთტომეულის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. ახალი წიგნის შესახებ ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ და ჯანსუღ ღვინჯილიას მეუღლემ ისაუბრეს.

საზეიმო ღონისძიებები რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულმა საიუბილეო საღამომ დაასრულა, სადაც მწერლის შემოქმედება გაცოცხლდა და ასევე, ადგილობრივმა შემსრულებლებმა სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.