სიახლეები

იმერეთის მხარის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში

16 სექტემბერი, 2015

იმერეთის მხარის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით,  პროექტის "პარტნიორობა დემოკრატიული განვითარებისათვის Inter-EKiP 2015" ფარგლებში  კუიავსკო–პომორსკის რეგიონს სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე იმყოფებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობინზონ გვენეტაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

ერთობლივი პროექტი 2014 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა და მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში. აღნიშნული ვიზიტის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი იყო. დელეგაციის წევრებს სხვადასხვა ფერმერული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების მონახულების საშუალება ჰქონდათ და ასევე, ადგილზე გაეცნენ აღნიშნულ სფეროებში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს.

ვიზიტის ბოლოს კუიავსკო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორთან პიოტრ ცოვბესკისთან შედგა შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ახალი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების აუცილებლობას.

მიმდინარე წლის ოქტომბერში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია უკვე ბრიუსელშია მიწვეული, სადაც კუიავსკო–პომორსკის რეგიონის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია გაიმართება და იმერეთის რეგიონის პირველ პირებს ევროპის კავშირის მაღალი დონის თანამდებობის პირებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ.

სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.