სიახლეები

ქუთაისში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზა გაიხსნა

1 სექტემბერი, 2015

დღეს ქუთაისში სარაგბო ბაზა "აია–არენა" ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. "აია–არენას" ტერიტორია 9 ჰექტარს მოიცავს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზაა.

ახალი სარაგბო ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი და მასში ოთხი მოედანია განთავსებული. ცენტრალური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PPRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით. ბაზაზე, ასევე ექიმისა და დოპინგ–კონტროლის კაბინეტები ფუნქციონირებს, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობაც.

ქუთაისის სარაგბო ბაზის მშენებლობა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბაზა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო.