სიახლეები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

12 აგვისტო, 2015

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ თერჯოლისა და ხონის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვდრა გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

თათბირზე მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდოლოგია უკვე მოქმედებს, რაც პროგრამის ბენეფიციარებზე დადებითად აისახება. ასევე, პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააგენტოსთან შესაბამის შუამდგომლობას გაუწევენ.

დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები სოფლის ამბულატორიებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. გამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამბულატორია ყველა სოფელში გამართულად ფუნქციონირებს და კვალიფიციური მედ პერსონალი ადგილობრივებს  საჭირო სამედიცინო დახმარებას დროულად უწევს.