სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა აგვიტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

8 აგვისტო, 2015

იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდება". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

დღესვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში აგვისტოს ომში დაღუპული მამუკა სამაკაშვილისა და ფილიპე მგალობლიშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ესწრებოდნენ. დაღუპული გმირები მშობლიურ სკოლაში ოჯახის წევრებმა, მასწავლებლებმა და მეგობრებმა გაიხსენეს.

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით გაიხსენებენ.

2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.