სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები ხონის მუნიციპალიტეტში

31 ივლისი, 2015

ხონის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე ქალაქ ხონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კომპლექსში ჭიდაობისა და კალათბურთის ჯგუფები დაიწყებს ფუნქციონირებას, ასევე დაგეგმილია 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების აღდგენა, საშხაპეებისა და სარბენი ბილიკების განთავსება. სრულად მოწესრიგდება დაწესებულებამდე მისასვლელი გზის 200 მ–იანი მონაკვეთიც. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარით ფინანსდება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ხონში კულტურული დანიშნულების ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს. მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაწესებულება სრულად გარემონტდება და მასში დამატებით ორი შემოქმედებითი ჯგუფი გაიხსნება. განახლებული სამუსიკო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, სამუშაოებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 115 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.