ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და „Huawei“-ს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ლუ პენგჰონგმა. ასევე მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კომპანია „Huawei‘‘-ს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ლუ პენგჰონგმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მემორანდუმის ფარგლებში KIU გახდება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის – „Huawei ICT‘‘ აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად.
KIU-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე.
სტუდენტებს ასევე უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სტაჟირება „Huawei‘‘-ს გლობალურ კომპანიაში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. მნიშვნელოვანია, რომ აკადემია KIU-ს პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზებს გადამზადების პროგრამებს, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.