რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნენ.
ქუთაისის ცენტრალური პარკი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა აღდგენას. ამორტიზებული და დაზიანებული იყო საფეხმავლო ბილიკები, პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები. პარკში, ფაქტობრივად, არ არსებობდა სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი გროვდებოდა კონკრეტულ მონაკვეთებში და იწვევდა არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა დაზიანებას.
რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პარკის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას. ამისათვის, ჩატარდა ტაქსაცია და სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი ხორციელდება მისი რეკომენდაციების სრული დაცვით. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.
პროექტის ფარგლებში, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. პარკში მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება.
ქუთაისის ცენტრალური პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო.