2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 22 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.
ამ მიმართულებით სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის არის მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის, ასევე გაფრინდაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების გამაგრებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
პროექტების მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე ადგილზე გაეცნენ.
გაფრინდაშვილის ქუჩაზე, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, დაწყებულია გამაგრებითი სამუშაოები. გათვალისწინებულია, როგორც გეოდინამიკური პროცესების მართვა და სტაბილიზაცია, ასევე არეალში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შენარჩუნების პირობა. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 13 900 000 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს ავტომშენებლის გამზირზე მდინარის კალაპოტის მოწყობას გაბიონური სისტემით. პროექტის ღირებულება 4 100 000 ლარს შეადგენს.