სიახლეები

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

28 ნოემბერი, 2024
იმერეთში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთში იწმინდება გზები თოვლის საფარისგან. მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული.
 
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.
 
ძლიერი წვიმის შედეგად: ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
 
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.
 
უხვმა ნალექმა და უამინდობამ იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხითაც. სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
 
რეგიონში ელექტრო ენერგია ამ ეტაპზე არ მიეწოდება 70 680 აბონენტს.