სიახლეები

მსოფლიო სურსათის დღე ქუთაისში აღნიშნა

16 ოქტომბერი, 2024
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მსოფლიო სურსათის დღე ქუთაისში აღნიშნა.
 
სურსათის მსოფლიო დღე FAO-ს დაარსების დღეა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია გაეროს კალენდარში. მას ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
 
მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ აგრობაზარზე „უნიკალური ქართული გემო“ ფერმერებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარადგინეს ტრადიციული სასურსათო ნაწარმი, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი, ჩირი, ქართული პური და სხვადასხვა ნიშური პროდუქცია. ბავშვებისთვის დაიგეგმა სახალისო აქტივობები, მოეწყო შემეცნებითი ინსტალაცია სურსათის დანაკარგებისა და ჭარბი სურსათის გადანაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.
 
ღონისძიებას დაესწრნენ FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, რაიმუნდ იელე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი.