წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების, ასევე სხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული.
მათ შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა პრიორიტეტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წყალტუბოში, ამ მიმართულებით შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. დევნილთა დასახლებაში (გვიშტიბი) 150 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება შენდება, ხოლო სოფელ გეგუთში №11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.
,,ჩვენ, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული სწავლის პირობები და მათ უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულებებში. რეგიონში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება, როგორც სკოლებს ასევე საბავშვო ბაღებს. დღეს ჩვენ, წყალტუბოში ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს” - ლევან ზალკალიანი.
აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 5 753 200 ლარით ფინანსდება.