საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იმერეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და თანამშრომლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა. ნიკა ტყემალაძემ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე.
„იმერეთის რეგიონში მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარვუდგინე სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე ლევან ზალკალიანი, ლევანი იმერეთის მკვიდრია, დაბადებული და გაზრდილია ქუთაისში, მან კარგად იცის იმერეთის მოსახლეობის საჭიროებები, ლევან ზალკალიანს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია აქვს, კარიერის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, ასევე, უკანასკნელ პერიოდში იყო ცაგერის მერი.
დარწმუნებული ვარ მისი საქმიანობა ახალ პოსტზე იქნება ნაყოფიერი. ეფექტურად შეძლებს იმერეთის რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხების გადაწყვეტის პროცესის კოორდინაციას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის,“-განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.
,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ,,ქართულ ოცნებას” ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. სრულიად გათავისებული მაქვს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ყველანაირად ვეცდებით და მთელი გუნდით გავაგრძელებთ იმ მიმართულებით სვლას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ეს არის ეროვნული იდენტობა, ეს არის სუვერენიტეტი, ეს არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
რაც შეეხება იმერეთს ვიცნობ თუ არა, რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცნობ. ქუთაისში დაბადებული ვარ და როგორც ეს ქალაქი, ასევე მხარე ჩემთვის კარგად ნაცნობია. მე გავეცანი მხარის განვითარების მიმართულებით რა პროექტები ხორციელდება და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მიმდინარე პროექტი ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებებზე. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ზვიად შალამბერიძეს.
უახლოეს პერიოდში ვაპირებ მუნიციპალიტეტებში გავმართო გასვლითი შეხვედრები და ადგილზე გავეცნო მიმდინარე საკითხებს” - აღნიშნა მედიასთან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა .
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა იმერეთის უკვე ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძესაც გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.