აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ახალი გვირაბი სრულად აღიჭურვა საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მექანიკური და ელექტრო სისტემებით - მათ შორის, სავინტილაციო და შეტყობინებების სისტემებით. ამასთან, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც.
დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
რიკოთის მონაკვეთის ყველაზე გრძელი ორი პარალელური გვირაბი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ერთმანეთს დაუკავშირდება სამი, მათ შორის, ერთი სამანქანო საევკუაციო გასასვლელით.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის ჩქაროსნული გზის 51 გვირაბიდან 50 და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას. რიკოთის უღელტეხილის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.