სიახლეები

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი შესრულდა

8 აგვისტო, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
,,16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ჩვენ ყოველ წელს ვიხსენებთ იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც რთულ დღეებში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის კეთილდღეობას, ასევე ვიხსენებთ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს დაცვას. ათასობით მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი სახლი, იქცა თავის ქვეყანაში დევნილად და შედეგად დღეს, ჩვენ გვაქვს ქვეყნის 20% დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ.
 
რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის გამთლიანება, სანამ დროებით ოკუპირებული ტერიტორია არ შემოუერთდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქციას. ჩვენ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ მხოლოდ მშვიდობით” - ზვიად შალამბერიძე.
 
სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
 
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარედ 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ასევე, წარმოდგენილი იყო პროექტის რენდერები, რომლის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ გმირთა მემორიალს.
 
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.
 
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
 
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.