სიახლეები

შეხვედრა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით“ მოსარგებლე ფერმერებთან

21 ივნისი, 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით“ მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.
 
შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხების საფუძველზე ხდება ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება.
 
ფერმერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ახალი პროგრამით კმაყოფილები არიან. ტრაქტორების ქირაობა და მიწის დამუშავება, რიგების გამო, დროს მოითხოვდა და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ხელის ტრაქტორების შეძენა კი, დიდი შეღავათია.
 
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა და ბევრი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა მოტობლოკების დაფინანსების პროგრამაც, რაც ადგილობრივებისთვის სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებაა.
 
მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მიღებული განცხადებიდან 1147-ზე მეტს უკვე დადებითი პასუხები ეცნობა, მათ შორის, იმერეთის რეგიონიდან 308, ხოლო უშუალოდ საჩხერის მუნიციპალიტეტიდან - 166 განმცხადებელს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს განაცხადების განხილვის პროცესი.