სიახლეები

ქუთაისი IV საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

20 ივნისი, 2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის ორგანიზებით 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
 
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად შეიმუშავონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგაციამ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი).
 
ფორუმის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში წარადგენენ მოხსენებებს ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა; პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში; მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები.
 
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის თანაორგანიზატორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).