გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რეგიონში სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული საწარმოების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის, სოფ. გოჩა ჯიხაიში, კომპანია „აგრო ველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს, კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად მოცვი ექსპორტზე იგზავნება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მოცვის პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი 300 დასაქმებულია.
შპს “აგროველი“ არის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარი. „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში 500 000 ლარი, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 3.5 მილიონი ლარი, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში 12 000 ლარი აქვს ათვისებული.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია.
იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
ხოლო საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის იმერეთის რეგიონში 581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით.
საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 162 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს.