სიახლეები

იმერეთში გასტრონომიული ფესტივალი იმართება

15 ივნისი, 2024
ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყო.
 
ფესტივალში იმერეთიდან 20-ზე მეტი მეწარმე და მზარეული მონაწილეობს.
 
,,ძალიან წარმატებული იყო შარშან გემო ფესტი, რომელიც ჩავატარეთ იმერეთში, კერძოდ ქუთაისში. შესაბამისად მოლოდინი იყო ძალიან დიდი და ერთი წლის შემდეგ ჩვენ, ადგილობრივი ძალებით ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, უკვე მეორედ ვატარებთ გემო ფესტს და უამრავი ადამიანია ადგილზე მოსული. ფესტივალს არა მარტო იმერლები და ქუთაისლები ელოდნენ, არამედ ელოდებოდა სხვა ქალაქებიც. სასიხარულოა, რომ აქ ვხედავთ ტურისტებს, რომლებიც მრავლად არიან.
 
გემო ფესტს აქვს ეკონომიკური ეფექტი სხვადასხვა ბიზნესის სფეროსთვის და ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო იმერული გემოებით გავუმასპინძლდებით ჩამოსულ სტუმრებს” - ზვიად შალამბერიძე.
 
ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
 
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
 
გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტი.
 
ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება.