სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

31 მაისი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.
 
რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გუიჯოუს პროვინციის მთავრობის წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში არებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ადგილზე ეცნობა რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.
 
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა, როგორც მხარის საინვესტიციო გარემოს ასევე ზოგადად რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.
 
მხარის რწმუნებულმა საქართველო-ჩინეთის, ამ ორი ქვეყნის მჭიდრო-მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთში გაჩერება 30 დღის ვადით უვიზოდ არის შესაძლებელი. როგორც ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და პოლიტიკური კუთხით.
 
,,საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კი შედეგებზე ორიენტირებული.
 
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის დასტური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონსა და გუიჯოუს პროვინციას შორის გაფორმებული მემორანდუმი იქნება კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის.
 
შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ პრეზენტაცია რეგიონის შესახებ სადაც, დეტალურად არის ინფორმაცია 12-ვე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
 
ქართულმა მხარემ ხაზგასმით ისაუბრა კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაზიდვა დაიწყო, რაც მხარეებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.
 
ჩინეთის დელეგაციამ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ასახული იყო პრიორიტეტული სფეროები და წინადადებები.
 
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ლევან სანიკიძე, ბესიკ გოფოძე, ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ჩინეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმერეთში ორი დღის განმავლობაში იქნება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს ადგილზე გაეცნობიან.