სიახლეები

,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაული ქუთაისს, დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა მიულოცეს

2 მაისი, 2024
,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაული ქუთაისს, დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში ვესელინ ვალკანოვმა მიულოცეს.
 
სტუმრების მიღება რეაბილიტირებულ ოქროს ჩარდახში გაიმართა.
 
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა ქუთაისი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპული ღირებულებებით და სწორედ ევროპული ღირებულებებით გრძელდება დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან.
 
,,ზოგადად ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია პარტნიორ ქვეყნებთან სწორი კომუნიკაცია და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირება.
 
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და მჯერა, მალე სრულფასოვანი წევრები გავხდებით, თქვენი მხარდაჭერა კი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.
 
ასევე, მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები რეგიონის განვითარებისთვის. ამიტომ მზად ვართ, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.
 
მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ იმერეთმა წარმატებით უმასპინძლა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას.
15-მდე ქვეყნის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ თერმული წყლების უნიკალურ კურორტებს და იმსჯელეს საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე.
 
ჩვენთვის საერთაშორისო შეხვედრები და დამეგობრებულ ქალაქებთან პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით, არის ახალი შესაძლებლობები, როგორც ქუთაისის ასევე რეგიონის განვითარების გზაზე”-ზვიად შალამბერიძე.
 
ქალაქის დღესასწაულის ფარგლებში ოქროს ჩარდახში წარმოდგენილი იყო ქუთაისის სალონური ცხოვრების ამსახველი გამოფენა ,,ძველი ქუთაისი“.