საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა ჩატარდა.
გენერალური ასამბლეის ოფიციალური ნაწილი შედგა ევროპის თერმული მემკვიდრეობის და ტურიზმის კონფერენციის და ასოციაციის შიდა სამუშაო შეხვედრებისგან. მოწვეული სტუმრები გაეცნენ კურორტ წყალტუბოს განვითარების ხედვასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდას შეუწყობს ხელს.
კონფერენციას ასოციაციის 30-მდე წევრი, ევროპის თერმული ქალაქების ათზე მეტი მერი და ვიცე-მერი, კურორტების მფლობელები, გენერალური მენეჯერები და საქართველოს სხვადასხვა კურორტის წარმომადგენელი დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
გენერალურ ანსამბლეაზე ასოციაციის წევრებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მიღწევები, იმსჯელეს გამოწვევებზე, განსაზღვრეს წლის ბიუჯეტი და დაგეგმეს პრიორიტეტები.
ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA), რომელიც 50 წევრისგან შედგება და არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და UNWTO-ს აფილირებული წევრი, მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით თერმული და კულტურული მემკვიდრეობის წახალისებას, დაცვასა და გაძლიერებას.
„EHTTA-ს გენერალური ასამბლეა წელიწადში ორჯერ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კურორტების განვითარების სააგენტომ, 2024 წლის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.