კონფერენციის შემდეგ დელეგატებმა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy” დაათვალიერეს.
დელეგატები ადგილზე გაეცნენ მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს.
კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს ის სამოცამდე დაავადებას კურნავს.
როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მკურნალობა აქ კომპლექსურად მიმდინარეობს, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც.
წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი, ჯერ კიდევ XII_XIII საუკუნეებში ყოფილა ცნობილი. 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში მას „მაღლაკს მდებარე აბანოის“ სახელით მოიხსენიებენ.
ევროპულ პრესაში პირველი ცნობები წყალტუბოს შესახებ 1782 წელს, „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების კრებულში გამოქვეყნდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან კი სასწაულმოქმედ მინერალურ წყლებზე მასალები უკვე ინტენსიურად იბეჭდება, სადაც წყალტუბოს ცნობილ ევროპულ კურორტებს— ვილბადს (გერმანია) და ტეპლიცს (ჩეხეთი) ადარებენ.