1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებმა: ლევან სანიკიძემ, ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.
,,35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. დღეს, ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს შეუშინდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. რა თქმა უნდა, ეს დღე უკვე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველებს შეუძლიათ გაიღონ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე”- ზვიად შალამბერიძე.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას იმერეთის 12 - ვე მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.