იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
,,რეგიონი და თორმეტივე მუნიციპალიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ერთობლივად ბევრი წარმატებული პროექტები გვაქვს განხორციელებული, ისეთი როგორიც არის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, წყლის ხარისხის კონტროლი და სხვადასხვა ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელსაც კურირებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
დღესაც, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად დავგეგმეთ ის სამუშაოები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ წლის განმავლობაში ამ ყველაფრის კიდევ, უფრო გასაუმჯობესებლად. ასევე ვიმსჯელეთ სეზონური ღინისძიებების ჩატარებაზე”-ზვიად შალამბერიძე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც, რაც სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უფასოა; თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება მცენარეთა დაცვის მიმართულებას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ერთობლივ, შეთანხმებულ საქმიანობას, რათა მოსახლეობამ სრულად და შეუფერხებლად ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.