საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებს.
ამჯერად, შეხვედრა ქალაქ ქუთაისში რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას დეტალურად გაეცნენ.
პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან ერთად, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულთა შერჩევის კრიტერიუმები, შეფასების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განიხილა და სტუდენტებს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე.
პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და მათთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისა და მინისტრისგან მიეღოთ.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა, რათა სწორედ მათი ჩართულობით განხორციელდეს ახალი მასშტაბური ინიციატივები. სტუდენტებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე ჩატარდა თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან, უახლოეს მომავალში კი, კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის დაწყებიდან პირველივე წელს უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, 2024 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს. მონაწილეთა შერჩევა 2024 წლის ივლისში დაიწყება – საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და კრიტერიუმები, შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი.