სიახლეები

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

14 მარტი, 2024
ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.
 
6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში უწყებების მიერ რეაგირების ბერკეტები.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები.
 
11-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.
 
კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.