გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა.
ახალი სადგურის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი ესწრებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, შეძენილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური, აქედან ოთხი სტაციონარული სადგური უკვე დამონტაჟდა და ამოქმედდა ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და მესტიაში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 13 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 11 ავტომატურ და 2 მობილური.