სიახლეები

საერთაშორისო პროექტი - რეგიონული პროდუქციის ბრენდინგი

27 თებერვალი, 2024
რეგიონული პროდუქციის ბრენდინგი და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს დღეს საერთაშორისო პროექტის ფარგლებში.
 
ქუთაისში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „რეგიონული ბრენდირების გაფართოება რაჭასა და გურიაში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
 
საერთაშორისო პროექტის შედეგების,რეკომენდაციებისა და ზოგადად რეგიონული ბრენდების ასოციაციების საუკეთესო მართვის წარმატებული ისტორიების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთის ელჩებმა საქართველოში, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორებმა.
 
პროექტის მიმდინარეობისას რეგიონული ბრენდებისთვის ნათლად გამოიკვეთა იმერეთის რეგიონის მნიშვნელოვანი როლი მათი ბიზნესის შექმნის, გასაღების ბაზრისა და პარტნიორული კავშირების სახით.
 
რეგიონული ბრენდირება ემყარება სამ ძირითად პრინციპს: პროდუქტს/მომსახურებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ეკონომიკური კავშირი რეგიონთან - ავთენტური, ტრადიციული, ადგილობრივი ნედლეულით და/ან ხელით დამზადებული და სხვ.;
ეკომეგობრული - წარმოების და/ან მომსახურების მიწოდების პროცესი არ უნდა ახდენდეს მავნე გავლენას გარემოზე, უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა, უნდა იცავდეს ქყვეყანაში დადგენილ სტანდარტებს; (მაგ. HACCP);
სოციალური - ბრენდები ცხადად აჩვენებენ ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სარგებელს, ხელს უწყობენ მომხმარებლებს გააცნობიერონ ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა;
 
კონფერენციის დასრულების შემდეგ, გაიმართა იმერეთის, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ბრენდირებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
 
გამოფენის სტუმრებს ადგილზე დახვდათ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, უძველესი ტრადიციებით დამზადებული პროდუქტები, ასევე თითეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ფოლკლორის ნიმუშები.