სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული სლოვაკეთის ელჩს საქართველოში შეხვდა

27 თებერვალი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. სლოვაკეთის ელჩი იმერეთში პირველად იმყოფება და მან შეხვედრაზე რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
 
გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარის გუბერნატორი ელჩს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე და აღებულ ვალდებულებებზე.
 
,,საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ჩვენ მზად ვართ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორ ქვეყნებთან და მათთან ერთად ჩავერთოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
 
ქვეყნის განვითარებისთვის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, პროცესი გრძელდება და საქართველოს მთავრობა მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიიღოს.
 
იმერეთი თერმული წყლების სიმრავლითაც გამოირჩევა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საუკეთესო საშუალება ინვესტიციების მოზიდვის.
 
ასევე აღსანიშნავია, რომ იმერეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია. ამის ნათელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გაზრდილი ნაკადი. კონკრეტულად 2023 წლის იანვარში აეროპორტი 151 939 მგზავრსა და 486 რეისს მოემსახურა. ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება და იგეგმება აეროპორტის გაფართოება, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება სატვირთო ხომალდებზე”-ზვიად შალამბერიძე.
 
მხარეებმა შეხვედრაზე მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.