28 დეკემბერს, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2023 გაიმართა.
დაჯილდოების დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 2023 წელს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პარტნიორებს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში შეტანილი წვლილისთვის.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2023 წლის ზაფხულში, საქართველოში ჩატარებულ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული ორგანიზაციები სპეციალური პრიზები გადასცა.
მადლობის ჯილდო გადაეცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ასევე ტურნირის მასპინძელი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებს.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ¼-ფინალში გავიდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.